თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურება განახლდა

398

თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება თითო ლოკაციაზე შეიძლება.

„დღეს დილიდან თბილისში სამ ლოკაციაზე განახლდა სანოტარო მომსახურების გაცემა. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული არქივი საბურთალოზე და ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის შენობაში. ასევე თითო ლოკაციაზე შესაძლებელია სანოტარო მომსახურების მიღება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად დაცვას, გავცემთ თანხმობას ამ ბიუროების გახსნაზე. ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაახლებს ეროვნული არქივი, ოთხშაბათიდან კი ელექტრონულ მომსახურებას სამოქალაქო და საჯარო რეესტრები განაახლებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.