სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს ჩაკეტვას არ გამორიცხავს

830

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენის კონტაქტებში შემავალ სამ პირს განმეორებით ანალიზის ჩტარებისას, Covid-19-ზე დადებით პასუხი დაუდგინდება, შეიძლება სამეგრელო ჩაიკეტოს.

მისი სიტყვებით, ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც სპორტსმენს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რწმუნებულის განცხაებით, რისკი ძალიან მაღალია.

„ჯერჯერობით, გვყავს ორი ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. რეგიონში გვაქვს შვიდი ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება. თუმცა ველოდებით უახლოეს დღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას. რაც შეეხება სამ საეჭვო გარემოებას, როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი მოვიდა უარყოფითი. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაიხურა ზუგდიდის და სენაკის ბაზრები. მისი სიტყვებით, აგრარულმა ბაზრებმა ვერ უზრუნველყვეს სოციალური დისტანციის დაცვა.

ცნობისათვის, სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდთან, წალენჯიხასთან და ჩხოროწყუსთან ჰქონდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.