ჩხენკელი: ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება

1155

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისგან იღებენ.

„ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო და სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.