განათლების მინისტრი: ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

817

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის  განცხადებით, სასწავლო წელი აუცილებლად შედგება და ის არც ერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა.

„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით, გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა, ჩვენს მოსწაველეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონსიძიებებიც, კერძოდ, ეს გახლავთ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ გამოყენებულია დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონალინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფტის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის დისტანციური სწავლების განხორციელებაში ჩართული. განსაკუთრებით, ყველა მასწაველებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებს მონაწილეობას, როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში, ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედეგება და არცერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო და სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.