4 მარტის დილიდან ოზურგეთის ბაზარი დაიხურა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით აიკრძალა გარევაჭრობაც. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ბაზარში რეკომენდაციები დაცული არ იყო, ამიტომ გაურკვეველი დროით მისი დახურვა გადაწყდა:
„მერიამ, პოლიციამ და მოხალისეთა ჯგუფებმა მაქსიმუმი გააკეთეს ბაზრის გასაკონტროლებლად. ვეცადეთ, არ დახურულიყო, დახლები დავალაგებინეთ კომპაქტურად, მოქალაქეები რომ დისტანცირებულად გადაადგილებულიყვნენ და მოვაჭრეებს საარსებო წყარო ჰქონოდათ. ოთხჯერ ჩატარდა დეზინფექცია, ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებდა ყველას, დაეცვათ დისტანცია. ბაზარი კერძო საკუთრებაა, არ არის მუნიციპალიტეტის ბაზაზე და მერიამ ბევრჯერ გააფრთხილა ხელმძღვანელობა რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე, მაგრამ მაინც ასეთი შედეგი დადგა. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იქნება ბაზარი დახურული“, – ამბობს ირაკლი სირაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ოზურგეთის ბაზარში დასაქმებული ადამიანები გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. მედიასთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ ბაზარში ვაჭრობა მათი მრავალსულიანი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დარჩა.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.