საჩხერის მერს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის თვითიზოლაციაში რჩება

980

წინა სტატია

საჩხერის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექოტრი მიხეილ ქემუშაძე ავრცელებს.

ფალავანდიშვილისთვის ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მის ცოლს, საჩხერის კლინიკის ექიმს 4 აპრილს სწრაფი ტესტებით გეგმიური შემოწმებისას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება ლუგარის ლაბორატორიამაც დაადასტურა.

მას შემდეგ, რაც ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკის 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. მათგან 10-ის ანალიზი დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც ქემუშაძის ცნობით, 10-ვე უარყოფითია.

“დღეს გავაგზავნეთ 11 ანალიზი, მათ შორის ჩვენი თანამშრომლის ოჯახის წევრის და 10 ჩვენი თანამშრომლის, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ჩვენს კოლეგასთან. არცერთი მათგანი არ დადასტურდა, დადასტურდა მხოლოდ ჩვენს თანამშრომელს, ისევ სუსტად დადებითი იყო პასუხი,”- ამბობს ქემუშაძე იმედის ეთერში.

ბენიამინ ფალავანდიშვილმა 2 აპრილს სოციალური კამპანიის ფარგლებში რისკ ჯგუფში მყოფ მოხუცებს პირველადი მოხმარების საგნები დაურიგა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.