საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

669

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, დაინფიცირება პაციენტიდან მოხდა. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება.

მერის მეუღლეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი ჰქონდა, რის გამოც მოხდა ანალიზების აღება.

მერის ინფორმაციით, ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. მისივე განცხადებით, როგორც მერს კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.