ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

382

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.

ფოთის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

„გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.