„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს და წყალტუბოს მუნიპალიტეტები დაემატა.
პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრების რაოდენობა არანაკლებ 11 მეპაიეს შეადგენს და მფლობელობაში არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული გააჩნიათ, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები და სხვა საჭირო ინვენტარი. კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰექტარი სათიბი გადაეცემა, ხოლო საძოვრის ფართობი – ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰექტარი.
სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების რაოდენობა 24-დან 29-მდე გაიზარდა. პროგრამაში ჩაერთვებინა აღნიშნული 29 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – ის დასახლებები, რომლებზედაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება ვრცელდება.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.