კასპში კოსტავას ქუჩა რამდენიმე თვეა გადათხრილია

397

კასპში კოსტავას ქუჩა რამდენიმე თვეა გადათხრილია. ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ სამუშაოები აღნიშნულ გზაზე არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არ დასრულებულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“არჩევნების მერე ასეა მიტოვებული და გადაადგილება განსაკუთრებულად ავტომობილებისთვის რთულია”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი შარიფაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გზაზე წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს.

“წყალმომარაგების კომპანია ცვლის წყლის და საკანალიზაციო მილებს. დროში გაიწელა პროცესი. რომ დასრულდება, ამის მერე კასპის მერია სანიაღვრეებს გააკეთებს და ასფალტსაც დააგებს,” – განაცხადეს კასპის მერიის პრესსამსახურში.

კასპის მერიისგან განსხვავებით, წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები უკვე დაასრულეს და გზის მოწესრიგება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს.

“მაგ ქუჩაზე წყალთან დაკავშირებული სამუშაოები დიდი ხანია მორჩენილია. საგზაოს დაუწყია რაღაც სამუშაოები და მათ ამოუთხრიათ”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა.

ქუჩაზე დაწყებული სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღის დასახელება უწყებებს ამ დრომდე უჭირთ.