რომელი სამედიცინო დაწესებულებები განისაზღვრა “ცხელების კლინიკებად” ქვემო ქართლში

2016

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის ბრძანებით, ქვემო ქართლში “ცხელების კლინიკებად” 5 სამედიცინო დაწესებულება განისაზღვრა. ესენია:

  1. რუსთავი – სს “რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”; მისამართი: რუსთავი, წმ. ნინოს ქუჩა N3;
  2. ბოლნისი – შპს “ბოლნისის ცენტრალური კლინიკა” ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N25
  3. რუსთავი – სს “რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო”; მისამართი: რუსთავი, წმინდა ნინოს ქუჩა №5;
  4. გარდაბანი – შპს “ჯეო ჰოსპიტალს”; მისამართი: გარდაბანი, ლესელიძის ქუჩა N1;
  5. მარნეული – შპს “ჯეო ჰოსპიტალს”; მისამართი: მარნეული, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი  შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

მინისტრის ბრძანებით, ამ დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს: 1. ცხელებით მიმდინარე ყველა შემთხვევის ტრიაჟს, დიაგნოსტირებას COVID-19 ინფექციის
გამოვლენის მიზნით სამინისტროს მიერ დამტკიცებული დიაგნოსტიკური ალგორითმის შესაბამისად და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრას; 2. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევის რეფერალს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში; 3. საჭიროების შემთხვევაში, ცხელებით მიმდინარე შემთხვევების სამედიცინო მომსახურებას/მართვას შესაბამისი საქმიანობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

ბრძანებითვე, “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს” დაევალა, უზრუნველყოს “ცხელების ზონების” მოწყობის მონიტორინგი ინფექციის კონტროლის კუთხით, ხოლო “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.

ასევე, შეგიძლიათ, იხილოთ, რომელი სამედიცინო დაწესებულებები განისაზღვრა “ცხელების კლინიკებად” შემდეგ რეგიონებში: იმერეთიკახეთიმცხეთა-მთიანეთისამეგრელო-ზემო სვანეთირაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი; შიდა ქართლი.