ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ექიმები შესაბამის ტრენინგებს უკვე 2 თვეა გადიან და მათი მზაობა სრულყოფილია.
მისივე განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად მზადაა.
ტიარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მუდმივი კონტროლი განხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაცდომები.
„პირველადი ჯანდაცვის სისტემა დღეს მზადყოფნაში, ასევე მნიშვნელოვანია 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, ის უკვე ასრულებს თავის სატესტო რეჟიმში მუშაობას და თბილისში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ტექნიკოსები მონიტორინგს ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში შესაძლებელი გახდება ზარების სრულად განხორციელება ყველანაირი შეფერხების გარეშე. ექიმები 2 თვეზე მეტია უკვე გადიან შესაბამის ტრენინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი, რათა არ მოხდეს გარკვეული გადაცდომა, რაც შესაბამისად შეიძლება იყოს რისკების მატარებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.