ცქიტიშვილი: თუ ზომების გამკაცრების აუცილებლობას დავინახავთ, ჩვენ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ

467

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება.

თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ცალკეულ რეგიონები, ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირბით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს, ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონკრეტულ აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, არ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა, არ არის გამორიცხული, არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით მთავარია, დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია. მხოლოდ ამ რეკომენდაციების და შეზღუდვის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე. თუ სამწუხაროდ, ეს რეგულაციები არ იქნება დაცული ზედმიწევნით, თუ მოქალაქეები არ მოგვყვებიან ამ ვალდებულებების შესრულებაში, ან თუ ჩვენ გვექნება ცალკეულ კლასტერში, ცალკეულ რეგიონში, ცალკეულ დაწესებულებაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, ისევ და ისევ ჯანდაცვის ექსპერტების მითითებით ჩვენ შესაძლოა, დაგვჭირდეს ზომების გამკაცრება ცალკეულ ვიწრო კონკრეტულ შემთხვევაშიც, ან მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ ამის აუცილებლობა დადგება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.