ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას, ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორთან, დარგთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან აქცენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ამჟამად კომერციულ ბანკებთანაც და ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ, რათა შემუშავებული იყოს ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევას პასუხობს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.