პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს

661

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს.

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისზულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის სოლიდარობის აქტს, რომლის თანახმად ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს სამი თვის განმავლობაში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის და სოზარ სუბარს დაავალა, ანალოგიური სამუშაოები განხორციელდეს რეგიონულ ცენტრებში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.