მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ ქალაქებშიც ჩატარდეს.
„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა სოზარ სუბარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.