საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა.
თავდაცვის სამინისტოროს ცნობით, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ.
„ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება. დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოხსენებებს იბარებს და მათთან ერთად თავდაცვის ძალების მოქმედებებს აჯამებს. მართვის ცენტრიდან სარდალი ქვედანაყოფების მეთაურებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკავშირდება და შესაბამის დავალებებს გასცემს. ბრიგადის მეთაურები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინსტრუქციას რეგულარულად იღებენ.
დასავლეთ სარდლობის სამოქმედო რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ქვედანაყოფების როტაცია 24 საათში ერთხელ ხდება. დავალების შესასრულებლად გასვლამდე მეთაურები პირად შემადგენლობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან და სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაციის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს იკავებენ,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.