ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

2307

ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო.

დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებზე 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის ცენტრები, ქუთაისის გარდა, თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნება.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.