კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულება, აღსრულდეს სახლში.
„მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა პრემიერმა “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.