ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15 კი თბილისში მდებარეობს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ონლაინ კლინიკაში ზარი 112-ის მიერ გადამისამართდება, როდესაც მოქალაქე მას მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირატორული სიმპტომმების გამო მიმართვს.
„15 ე.წ ონლაინ კლინიკა არის თბილისში, დანარჩენი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმში არის 2 ასეთი კლინიკა, ქუთაისშიც იმუშავებს 2 ონლაინ კლინიკა, მცხეთაში, გურჯაანში, რომელიც მოემსახურება კახეთის რეგიონს და მიმდებარე სოფლებს და ასევე, რუსთავში იქნება ონლაინ კლინიკა. ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასე სოფლის მოსახლეობას. 112-ის ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პირობებში, გარდა, რა თქმა უნდა, ფიზიკური გასიჯვის ნაწილისა. ასეთი მოდელი უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობდა გრიპის ეპიდემიების შემთხვევაში, პირველი მარტიდან ამას დაემატა უკვე კოვიდის შემთხვევების მენეჯმენტი თბილისში, სადაც 4 კლინიკა დღესაც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მოდელი არის კარგი და გვაძევს იმის საშუალებას, რომ დავიცვათ მაქსიმალურად პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და არააუცილებელი მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, რაც გარკვეულწილად ინფექციის გავრცელების რისკია,“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთანავე, მან ისაუბრა ცხელების კლინიკებზე და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირება და უკვე იქნება ზუსტად ცნობილი, რომელი კლინიკა რა მოცულობით გამოყოფს საწოლფონდს ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის.
„რაც შეეხება ცხელების კლინიკებს, ეს იდეა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მისაღებად. ეს არის სავალდებულო მოთხოვნა ყველა კლინიკისთვის, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი იმისთვის, რომ მან ინეფქციის კონტროლის წესების დაცვით, იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია. ასეთ დროს მთავარი აქცენტი იქნება სწრაფ დიაგნოსტიკაზე, კლინიკები აღჭურვილი იქნება დიაგნოსტირების შესაძლებლობებით. სწორედ ამ კლინიკებიდან დაიწყება იმ პერსონალის ტრენინგები, ვინც უნდა აიღოს ნაცხი და ადგილზე შეძლოს სწრაფი ტესტის გამოყენებით ტესტირება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინ გასამართი სადგურებისა, მუშაობა აეკრძალა, თუმცა, მუშაობის ნება დაერთოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს, რომლებიც თანამშრომლებს, თავიანთი ტრანსპორტით მოემსახურება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.