საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„ამ ეტაპზე ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველ რიგში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება, სპეკულაციური იქნება. დაახლოებით, 1 მილიარდ 200 მილიონის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. ბიზნესისთვის შეთავასებული პაკეტი სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ბიზნესმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს. ვინაიდან, საგანგებო ვითარებაში მხოლოდ დაახლოებით 1 თვე ვიმყოფებით, იმედი გვაქვს, ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ სამსახურიდან მისი კვალიფიციური პერსონალი არ გაუშვას, ის ადამიანები, რომელთა ტრენინგშიც, კვალიფიკაციის ამაღლებაშიც ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი.
ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება, ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ვთავაზობთ დამატებით, ფიზიკური პირებისთვის საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მათი სესხების 3-თვიანი პერიოდით გადავადებას.
1 მილიონ 200 000 ოჯახს და 671 000 ოჯახს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა დროებითი ზომა, რომელიც მათ ხარჯებს, ყოფას, არსებობას შეამსუბუქებს და გაზის ნაწილში, 3 თვის განმავლობაში, მარტის, აპრილის და მაისის თვეში დარიცხულ გადასახადებს სახელმწიფო გადაუხდის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.