აფხაზეთის დეფაქტო პეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას საკარანტინე სივრცეების მოწყობის შესახებ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოვიდნენ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული. საკარანტინე სივრცე, ამ ბრძანების მიხედვით მოეწყობა გალის კულტურის სახლშიც. ამას გარდა, განისაზღვრა სივრცეები გაგრაში, დადასვენებელი სახლის – “ფსოუს” ბაზაზე, გუდაუთაში პანსიონატ “ჩერნომორეცში”, სოხუმში სასტუმრო “აიტარში”, ოჩამჩირეში კი სპორტული სკოლის ბაზაზე. ინფორმაციას “აფხაზია ინფორმი” ავრცელებს.
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, გალის რაიონში ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ კომენდანტის საათიც შემოიღო. სოხუმი ირწმუნება, რომ მათ საავადმყოფოებში არ ჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. თუმცა, ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოდან 50 წლის ქალს, რომელიც აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.