სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს რეგიონში ორი დარღვევა დაფიქსირდა და ეს ადამიანები დაჯარიმდნენ. ალექსნადრე მოწერელია მოუწოდებს მოქალაქეებს სახლში დარჩენის და სპეციალისტთა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ.
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარია, იურიდიულ პირებზე კი 15 000. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე, ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. კომენდანტის საათი 21:00 საათზე ამოქმედდება და დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.გარდა ამისა, სავალდებულოა, რომ მოქალაქებ ქუჩაში გადაადგილებისას პირადობის მოწმობა თან იქონიოს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.