გორში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

674

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო “მოზაიკას” უთხრა, გორის მერიას განცხადებითაც მიმართეს.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, განცხადებაც გვქონდა დაწერილი. დილას დავრეკეთ კიდეც მერიის სოციალურ სამსახურში და გვითხრეს რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ფინანსები არ გვაქვსო. არ მარტოხელა დედებიც არიან, სოციალურად დაუცველებიცპენსიონერებიც და 70 -ს წელს გადაცილებული ადამიანებიც. არც ერთს არაფრის საშუალება არ გვაქვ. ერთჯერადად რომ მაინც მოგვიტანონ ელემენტარული პროდუქტი, რომ მშივრები არ ვიყოთ”, – ამბობს ერთ-ერი ადგილობრივი.

გორის მერიაში ამბობენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიის გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ ეტაპობრივად ეხმარებიან და ეს პროცესი საყოველთაო კარანტინის შესაბამისად გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, მერიის თანამშრომლებს უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან გასული დღეების განმავლობაში მიჰქონდათ საკვები, ასევე საკვები პროდუქტები დარიგდა საბავშო ბაღების აღსაზრდელებისთვისაც.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.