ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა – იმნაძის მადლობა სოფლის ექიმებს

1144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის ექიმებს.

„პერსონალური მადლობა მინდა, გადავუხადო სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს, ეს არის ბოლნისის რაიონი. მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს ცენტრის ვებგვერდზე –  რა არის შესაძლო შემთხვევა და ა.შ. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა რაც ეწერა ჩვენს ვეგვერდზე და მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე, ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, ისევ მათი დახმარებით, ძალიან ბევრი მათი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა ქართველი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.