თბილისის საბავშვო ბაღებში, დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ

607

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ.

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

რაც შეეხება პროდუექტის გატანას, მშობლებს ბაღიდან სურსათის წაღება კვლავ შეეძლებათ, თუმცა კონკრეტული გრაფიკის მიხედვით.

„პატარა ბაღებში მუშაობს ხუთამდე თანამშრომელი, დიდ ბაღებში – 8-მდე. მშობლები მივლენ გრაფიკით, დაიცავენ დისტანციას, ისე შეეძლებათ პროდუქტის გატანა. ისინი შენობაში არ შედიან. ბაგა-ბაღების შესასვლელებში მოწყობილია სივრცე, სადაც თითო-თითო ადამიანი შედის. პროდუქტის გაცემა ბაღიდან, ისევე, როგორც მისი შეტანა ბაღში მომმარაგებელი კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხდება. ბაგა-ბაღების თანამშრომლები აღჭურვილები არინ თავდაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით. მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც იცით, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში აღარ ივლის, რის გამოც, ბაგა-ბაღებში იმუშავებენ ახლოს მცხოვრები თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ფეხით მივლენ“, – განაცხადეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისში 181 ბაღი ფუნქცინიორებს, სადაც 61 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.