საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. ამასთან, როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით.
„განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლითაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125 ლარით გაიზრდება მანდატურების ხელფასები. სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები, როგორც ყველა სხვა უწყებაში გაიზრდება 10%-ით, ასევე ვზრდით პროფესიულ სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას 15 ლარიდან 18 ლარამდე. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონ ლარამდე დაფინანსების გაზრდა. ასევე, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.