თბილისის მერიასა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.
როგორ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეიძლება დასრულდეს პროცესი და ხომ არ დარჩებიან მძღოლები შემოსავლის გარეშე.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროცესი როგორც კი დასრულდება, ეცნობება როგორც მძღოლებს, ასევე მედიას“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე მოლაპარაკებები დაახლოებით, ორი კვირაა მიმდინარეობს.
20 მარტს მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და მოითხოვა დეტალურად გარკვეულიყვნენ რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს კახა კალაძე „თბილისის მიკორავტობუსთან“. მძღოლები ასევე ითხოვდნენ თავიანთი წარმომადგენლის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე“.
მოგვიანებით კალაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მერია პრობლემების პირისპირ არავის დატოვებს და მძღოლები ანაზღაურების გარეშე არ დარჩებოდნენ.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრთა მომსახურება 18 მარტიდან შეწყვეტილია.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.