5000 ტონა შაქარი, 500 ტონა მაკარონის ნაწარმი და 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთი – ჩამოთვლილი პროდუქტის შეძენას მთავრობის განკარგულება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგი უნდა შეიქმნას.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N608 განკარგულების თანახმად, სურსათის შესყიდვას ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს. ამისთვის 16 მლნ ლარი გამოიყოფა.
„განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარების მიზნით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შესასყიდი ობიექტების მოცულობაა: არაუმეტეს 5000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონის, 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, თანმდევი მომსახურებით დასაწყობება და შენახვა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.