გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ექიმები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მუშაობენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად გადადგილების მხრივ პრობლემები შეექმნათ, გორის მერია სპეციალურ ტრანსპორტს სთავაზობს.
ამის შესახებ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო “მოზაიკას” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტში 150 ექიმია, რომელსაც აღნიშნული დახმარება ესაჭიროებოდა და სწორედ მათთვის 5 მიმართულებით სხპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს.
“ექიმებს ძალიან გაუჭირდათ გადაადგილება საგანგებო მდგომარეობის გამო, ტრანსპორტის აკრძალვის შედეგად. მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალურად მათი ტრანსპორტირებისთვის გამოიყოს ავტობუსები. ხვალიდან უკვე 5 მიმართულებით გაემართებიან ეს ავტობუსები და 150-მდე მედიკოსის გადაადგილების უზრუნველყოფენ,” -აღნიშნა გორის მერმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.