ხობის მცხოვრებმა გიორგი ჩიქოვანმა სხვების დასახმარებლად საკვები პროდეუქტების შეგროვება დაიწყო, თავისი ჯიხურის წინ მაგიდა დადგა და დაფაზე წარწერა გააკეთა „ვისაც გაქვთ დადევით და ვისაც არა აიღეთ“.
ბევრი გამოეხმაურა აქციას და მოიტანეს პროდუქტები. უფრო მეტი იყო ვინც მოიტანა, ამიტომ გადავეცი მოხალისეთა ჯგუფს, რომელსაც ხანდაზმულებთან საკვები პროდუქტები მიაქვს. ჩემს ინიციატივას გუშინ გამოეხმაურა ერთი თონის მეპატრონეც და გარეთ უფასოდ დაკიდა პური. მგონია, რომ ასე ერთად დგომით, ერთმანეთის დახმარებით, კრიზისის დაძლევას უფრო იოლად შევძლებთ“, – გვითხრა ჯიხურის მეპატრონემ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.