სენაკში გოგიების ოჯახი, რომელსაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზია აქვს, მოსახლეობისთვის უფასოდ პურს და მარილს არიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ლაივპრესი ავრცელებს.
„მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარება გამოცხადდა, ხალხს უჭირს გადაადგილდება, ვერ მოდიან სოფლებიდან ბაზარში. ჩვენს ოჯახს მაღაზია აქვს ბაზართან, გადავწყვიტეთ რაც შეგვეძლო იმით დავხმარებოდით ხალხს. 50 ცალი პური და 20 კილო მარილი დღეს უფასოდ გავეცით. ხვალ გვინდა რომ ფუნთუშები დავამატოთ. თონეშიც რომ გაიგეს რისთვის ვყიდულობდით, იმათაც ფასი დაგვიკლეს. ჩვენს ახლოს ბევრი მაღაზიაა, კარგი იქნება თუ სხვებიც პატარა წვლილს შეიტანენ მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენაში“, – გვითხრა საბა გოგიამ.
სხვების დასახმარებლად სოციალური მარკეტი მოაწყვეს ხობშიც.
მაღაზიის მეპატრონემ დაფაზე წარწერა გააკეთა „ვისაც გაქვთ დადევით და ვისაც არა აიღეთ“.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.