სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს

404

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს.

აღნიშნული რეგულაციის აღსრულება სოფელ ზედაეწერიდან, მას შემდეგ გადაწყდა რაც, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ზედაეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.

მასობრივ თერმულ შემოწმებას, ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, გაძლიერებულია საპოლიციო ძალების მობილიზება და ისინი მანქანების გადაადგილებას აკონტროლებენ. აღნიშული შეზღუდვის ფარგლებში, იკრძალება მანქანაში სამ პირზე მეტის ყოფნა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხუთი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.