შსს: სამეგრელოში საპოლიციო ძალები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს ახორციელებენ

417

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.

ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

“საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.