ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.
„ახლა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს სასწრაფო ფუნქციონირებას და გაშვებას აქვს სხვა დატვირთვა. მოგეხსენებათ, ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის,“ – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და კლინიკაში ამოქმედდება 100-მდე ადგილი.
27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.
ასევე ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი. ოკუპირებულ გალში კი კომენდანტის საათი შემოიღეს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.