დღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პოლიცია ივლის და მოსახლეობას მეგაფონით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

458

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, პოლიცია ასევე მოსახლეობას იმ წესებს შეახსენებს, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა შეასრულონ.

https://www.facebook.com/ozurgeti.mun.gov.ge/posts/679260219486745

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.