კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი დაიკეტა

774

რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი, ვიზიტორებისა და დამსვენებლებისთვის დაიკეტა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ცენტრალური პარკი დამსვენებლებს, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე ვერ მიიღებს. ბეგაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად დაიცვან, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გამოვიდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, ადმინისტრაციულ შენობებში და სკვერებში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები

ამასთან ერთად, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური ბლოკი ე.წ. “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა. ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური კორპუსიდან პაციენტების გამოყვანა და სხვა კლინიკებში გადანაწილება უკვე მოხდა.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, თუ კი პაციენტს ცხელება გამოუვლინდება, მისი გადაყვანა ინფექციური კორპუსის ბოქსირებულ პალატაში მოხდება, ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილება, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ინფექციური დეპარტამენტის ბლოკს იზოლირებული შესასვლელი აქვს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.