ანა დოლიძე: “თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარებას აუარესებს

829

“თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის მდგომარებას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად ,,ქართული ოცნების” მიღწევების, რომელიც მან 2013-2014 წლებში განახორციელა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება ორ საკითხს – თვითმმართველობის სფეროში შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და არჩევნების სფეროში ცესკო-ს დაკომპლექტების წესის ცვლილებას, რომელიც მმართველ პარტიას უპირატესობას ანიჭებს.

,,ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას გასდევს ერთი მთავარი ხაზი – ის აუარესებს დემოკრატიის მდგომარებას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად ,,ქართული ოცნების” მიღწევების, რომელიც მან განახორციელა 2013-2014 წლებში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვეტოს საშუალებით პარლამენტის წევრებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, იმ ხალხმა, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ, გაიაზრონ ის საკმაოდ ნეგატიური მნიშვნელობა, რომელიც ამ ცვლილებებს მოაქვს.

,,ეს ნეგატიური შედეგები, რომლებიც დემოკრატიის ხარისხის გაუარესების თვალსაზრისით ამ შედეგებს მოჰყვება, ბუნებრივია დადგება როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე. ვეტოს არსი არის, რომ ეს ყველაფერი დასაბუთებით, არგუმენტირებულად ავუხსნათ ჩვენი პარლამენტის წევრებს და მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცვლილებებზე”, – განაცხადა დოლიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი