შუახევში მიმდინარე სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ გომარდულის მკვიდრმა ი/მ რამინ დარჩიძემ, მუნიციპალიტეტს გარკვეული რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა. შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოხალისეებთან ერთად, აღნიშნული ფქვილიდან თითო ტომარა ბარათაულში შეჭირვებულ ოჯახებს დაუნაწილა.
“მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო რამინ დარჩიძეს სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა თავისი თემის მოსახლეობის მიმართ. თითო ტომარა ფქვილი ბარათაულში უმწეო და ხანძრით დაზარალებულებს დავუნაწილეთ. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება“,- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტში ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და თვითმმართველობის გადაწყვეტილება გააცნო,რომელიც, აუცილებელი საჭიროებისათვის, ადგილობრივებზე ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს.
სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.