ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

629

2020 წლის 28 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ანატოლი ბიბილოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 28 მარტიდან ყველა კაფე, რესტორანი და სასადილო დაიკეტა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კვების ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ მიტანის სერვისით.

დაიხურა ყველა ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონები, საცურაო აუზები, სპორტული კომპლექსები და სავაჭრო

ცენტრები (გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა). ბიბილოვი განკარგულებით, აიკრძალა სპორტსმენთა შეჯიბრებები და სხვა სპორტულ ღონისძიებები.

აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ შიდასაქალაქო: ,,ჩრილოეთისა” და ,,მზიანის” უბნებს შორის მარშრუტი დაუშვეს.

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, არ გადაიხდიან კარანტინის პერიოდში.

დეფაქტო რესპუბლიკაში მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ საქორწილო ღონისძიებების ჩატარებისაგან თავი შეიკავონ, ასევე, მიცვალებულთა დაკრძალვისა და სულის მოსახსენიებელ პერიოდში სტუმრების რაოდენობა შეზღუდონ.

საკარანტინო პერიოდში საზოგადოებრივი სერვისებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებს უფლება არ აქვთ დატოვონ დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია.

“რესპუბლიკადან გამგზავრება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისა და მივლინების შემთხვევაში,” – განმარტეს ე.წ. მთავრობის სხდომაზე.

65 წელს მიღწეულ, ასევე მის ზევით ასაკის მქონე ადამიანებისთვის თვითიზოლაციაში ყოფნა სავალდებულო გახდა.

კორონავისუსის გამო ორკვირიანი კარანტინი გუშინ აფხაზეთში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.