კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
აქციის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დაურიგეს. მათ ასევე ადგილობრივებს Covid-19-ის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
“სოფელ ყარაჯლის მოსახლეობას დაურიგდა აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ამ საინფორმაციო მასალებით ადგილობროვებს მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან, როდის მიმართონ ექიმს და სხვა. მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებს განსაკუთრებულად გააკონტროლებენ.
ითქვა, რომ თელავის სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელთა ნაწილი, შესაძლოა, კავშირში იყო მარნეულის კლასტერთან, რადგან ადგილობრივი აგრარული ბაზარი მარნეულიდან მარაგდება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.