დუშეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან

821

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ადგილობრივ მცხოვრებლებს აქტიურად უწევენ დახმარებას.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შშმ პირებთან მოხალისეთა ჯგუფებს პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები მიაქვთ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას, ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

მოხალისეთა ჯგუფები ასევე ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ისინი მოქალაქეებს აწვდიან რეკომენდაციებს აღნიშნულ სიტუაციაში ქცევის წესის შესახებ.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ მიერ გატარებულ სამუშაოებს მონიტორინგს უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები,“ – ნათქვამია დუშეთის მერიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.