ხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო.
აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია.
ხონის მერიის ცნობით, მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პირადად მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.
“ეს არის რთულ მდგომარეობაში გვერდით დგომის საუკეთესო მაგალითი. დასაფასებელი და იმედის მომცემია მსგავსი ინიციატივები. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ბევრად მარტივია არსებული სიტუაციიდან გამოსვლა. ახლა სწორედ ის დროა, როცა ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ასეთ რთულ სიტუაციაში ყველა ერთად, კეთილი ადამიანების დახმარებით ყველაფერს შევძლებთ. მადლობა ბატონ გოჩას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის გვერდით დგომის საუკეთესო მაგალითი“, – განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 170-მდე 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანისთვის მერია კვირის ბოლოს საკვებ პროდუქტს შეიძენს, რასაც მოხალისეთა გუნდის წევრები მათ სახლებში მიუტანენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.