სახელმწიფო რწმუნებული: მარნეულსა და ბოლნისში ბიზნესს დახმარება აღვუთქვით, რომ მოსახლეობამ სამუშაო შეინარჩუნოს

1016

მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივ ბიზნესებს აღვუთქვით დახმარება, რომ ამ მოცემულობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნოს სამუშაო, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია, ხოლო ბოლნისში – 32.

„შვიდივე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მარნეულსა და ბოლნისში, დავიწყეთ ადგილობრივი, რეალურად მოქმედი ბიზნესების შესწავლა, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის პირობებში შეფერხდნენ. ყველა ასეთი ბიზნესი შესწავლილი გვყავს. მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია, ხოლო ბოლნისში – 32. მათთან ვართ კავშირზე და მუშა რეჟიმში. მცირედი შეფერხებებია და ჩვენ მათ აღვუთქვით დახმარება, რომ ამ მოცემულობაში ადგილობრივებმა შეინარჩუნონ სამუშაო, გაგრძელდეს ბიზნესის საქმიანობა და გავუფრთხილდეთ ეკონომიკას შეძლებისდაგვარად,“ – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.