პრეზიდენტი არ ეთანხმება საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ცესკო ნიშნავს.
პარლამენტში გაგზავნილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნები ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტის ამ ნაწილსაც ეხება.
პრეზიდენტის შეფასებით, მიზანშეწონილია, თვითმმართველი თემის გამგებლისა და თვითმმართველი ქალაქის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის კომპეტენციად განისაზღვროს.
არსებული ”საარჩევნო კოდექსით“, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით ნიშნავს. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით კი, რიგგარეშე არჩევნებს ცესკო განკარგულებით დანიშნავს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული ორ სხვადასხვა კანონპროექტი.
წყარო: ინტერპრესნიუსი