კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

513

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მერია დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, მერიის გარკვეული სამსახურების თანამშრომლები, მათი მუშაობის სპეციციფიკიდან გამომდინარე, შენობაში მუშაობას მაინც აგრძელებენ.

უწყების ცნობით, კორონავირუსის პრევენციისა და საჯარო მოხელეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შპს „დეზ-ეფექტი“-ს თანამშრომლებმა მერიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

„აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ასევე დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, სადაც ანტისეპტიკური ხსნარია მოთავსებული. მერიის შენობის წმენდა-დეზინფექცია რეგულარულად ხორციელდება.

შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა, მერიის შენობის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების, ბაღებისა და მუნიციპალური შენობების დეზინფექცია უკვე განახორციელეს”,- ამბობენ მერიაში.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ისე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.