თელავის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიაში განმარტავენ, რომ მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა.
“მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.