ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულის მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, გუშინ მცირე სირთულე შეიქმნა „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა და მოქალაქეები თანხას შეუფერხებლად იღებენ.
„საკარანტინო რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. ხედავთ, რომ დისტრიბუცია, პროდუქტებით მომარაგება, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, გუშინ იყო შექმნილი მცირედი სირთულე „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ერთ საათში ეს ყველაფერი მოგვარდა. შეუფერხებლად დარიცხულია თანხები და იღებენ. ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, 23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.