მარნეულში მოხალისეებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები დაურიგეს

421

მარნეულში მოხალისეებმა სოციალური პაკეტები დაარიგეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, განხორციელდა მოხალისეთა ჯგუფების მობილიზება, რომლებსაც სპეციალური გადამზადება წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაუტარა.

მოხალისეების აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა.

კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები დაურიგდათ, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით. ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაგზავნილ იქნა სატრანსპორტო საშუალება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მოემარაგებინათ პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.