ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოქმედებაშია მხოლოდ უკანა კარი. დაიწყო ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებებიც.
მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი იწმინდება და სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ამუშავდა, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაცია, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო. მგზავრის გადაყვანის დროს: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს. მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
ბათუმის მერიის ცნობით, გრძელდება ბაღების დეზინფექცია. მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, 850-მდე სადარბაზოს ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, მუნიციპალურ ბაღებსა და სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებს, ოცნების ქალაქს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებს. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.